„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან“ რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას, მათთვის რაიმეს მტკიცებას, ან თხოვნას არ აპირებს.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ტკივილი ასატანია, მაგრამ ბოროტება - აუტანელი და პირობას დებს, რომ არცერთ უკანონობას „არ გაატარებს“.
„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.
ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!
სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, - წერს ხოშტარია.