10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
გავლენიანი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა აღიარა ელენე ხოშტარიას დამამცირებელ პირობებში ყოფნა და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება.
„საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე!“- წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ადვოკატის ცნობით, ელენე ხოშტარიას აქვს "სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი".
"თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს", - განაცხადა ადვოკატმა.