„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდიან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტა-ჩამჭრელებს და შორი მოქმედების შესაძლებლობების მქონე სამხედრო საშუალებებს. ასევე, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ უკრაინისთვის შესაბამისი ლიცენზიების გადაცემა, რათა სამხედრო წარმოების მოცულობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდოს.
G7-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები კვლავაც უცვლელ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე განხორციელებული სისტემატური დარტყმების ფონზე.
განცხადების თანახმად, „შვიდეულის“ წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვის ძალების წარმატებებს ბოლო თვეების განმავლობაში და აღნიშნეს, რომ ფრონტზე ახალი იმპულსი შეინიშნება.
„ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვთანხმდებით გავზარდოთ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, დამატებითი სისტემებისა და რაკეტა-ჩამჭრელების, ასევე შორი მოქმედების შესაძლებლობების მქონე საშუალებების მიწოდება. მზად ვართ ასევე განვიხილოთ უკრაინისთვის შესაბამისი ლიცენზიების გადაცემა, რათა ხელი შევუწყოთ სამხედრო წარმოების ზრდას უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში.