აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან გამართული საუბრის შემდეგ ხედავს შესაძლებლობას, რომ „რაღაც გაკეთდეს“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ მან ევიანში, G7-ის სამიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას თქვა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას ჰქონდა „კარგი“ საუბრები ზელენსკისთან და პუტინთან.
„გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან. და ვხედავ, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით რაღაც გავაკეთოთ. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, ორივე მხარე ამისთვის ღიაა,“ - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში ომის დასრულებაზე და ნახავს, „შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება“.
„ჩვენ ამაზე კონცენტრირდებით, ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამას. ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასი ადამიანი იღუპება, უმეტესად სამხედროები, და ეს არ უნდა ხდებოდეს. გუშინ მქონდა ორი ძალიან კარგი საუბარი. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ,“ - განაცხადა ტრამპმა.