უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ალფას“ სპეციალური ოპერაციების ცენტრის მებრძოლებმა, სპეცდანიშნულების ძალებთან და დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობისა და გაზის ტერმინალ „თამანნეფტეგაზზე“ დარტყმები განახორციელეს.
აღნიშნული ობიექტი რუსეთის სამხრეთში თხევადი ნახშირწყალბადების გადატანის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპლექსს წარმოადგენს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად დაზიანდა ნავთობპროდუქტების ხუთი რეზერვუარი, ასევე ტერმინალის ორი ნავთობჩამტვირთავი სტენდერი.
ამავე ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სატვირთო ტრანსპორტის სადგომისა და „თამანნეფტეგაზის“ სასაწყობე ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზეც. ასევე დაზიანდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის პოზიციები, რომლებიც ობიექტს იცავდნენ.