ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკეთა თანათავმჯდომარეები პიერ მორელი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გედრიუს ჩეკუოპოლისი (ეუთო) სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკეთა მე-16 რაუნდისთვის ემზადება.
ჩირიკბამ აღნიშნა, რომ სეპარატისტთა შეშფოთებას იწვევს "საქართველოს პრეზიდენტის აგრესიული განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ისმის.
"ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებს ჟენევის მოლაპარაკებებზე. ამას გარდა, დავაყენებთ საზღვრის საკითხს, გალის შეხვედრების საკითხს, გალის რაიონში დაბრუნებული დევნილების ვერიფიკაციისა და მათ საკითხსაც რომლებიც ქართულ მხარეს იმყოფებიან. ასე რომ ჩვენ დატვირთული დღის წესრიგი გვექნება და ვფიქრობ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში ცხელი დებატებიც გველის. ჩვენ ამისათვის მზად ვართ", _ განაცხადა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი 1-ელ მარტს გაიმართება.