ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან „დიდი შეთანხმება“ მიღწეულია და შეთანხმებაზე ხელმოწერა, შესაძლოა, უკვე ამ შაბათ-კვირას გაფორმდეს.
მისი თქმით, დოკუმენტი „თითქმის საბოლოო სტადიაშია“ და მისი დასრულება უახლოეს რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.
ტრამპის მტკიცებით, შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება და მას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც დაესწრება.
„ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას და ახლა დოკუმენტებს საბოლოოდ ვამუშავებთ, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, წინ მივდივართ. სავარაუდოდ, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება. ეს შესანიშნავი მოვლენაა. ნავთობის ფასი დაეცა და, ვფიქრობ, ის კიდევ უფრო დაიკლებს, შესაძლოა, იმაზე დაბლაც, ვიდრე ადრე იყო. ფასები შემცირდება. როდესაც ნავთობის ფასი იკლებს, სხვა ხარჯებიც მცირდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი", - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ აცნობა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.