დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჯონ ჰილის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ქვეყნის დასაცავად საჭირო სამთავრობო რესურსების გამოყოფა ვერ უზრუნველყოფს.
საჯარო წერილში ჰილი ამტკიცებს, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ დაფინანსებას იმ პერიოდში, როდესაც საფრთხის დონე გაზრდილია.
გამოცემის ცნობით, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება დამატებით ზეწოლას ახდენს სტარმერზე, რომელიც უკვე პოლიტიკური გამოწვევებისა და შესაძლო ლიდერობის კრიზისის წინაშე დგას.
თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები თვეების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, რაც აჭიანურებს ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმას, რომელიც უკვე გასულ წელს უნდა გამოქვეყნებულიყო.
სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს გეგმა აუცილებელია მზარდი საფრთხეების ფონზე, მათ შორის რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის წყლებში ხშირი შეჭრების გამო. თუმცა მთავრობა ამავდროულად ცდილობს სახელმწიფო ვალის შემცირებას, მაშინ როდესაც საგადასახადო წნეხი უკვე ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზეა
ჰილის გადაწყვეტილება ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაისში ჯანდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი გადადგა და ასევე მაშინ, როცა კიდევ ერთი კონკურენტი ენდი ბერნემი ცდილობს პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას და ლიდერობისთვის ბრძოლას.