უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში დაზიანდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი WEST Horizon.
გენშტაბის ცნობით, აღნიშნული ტანკერი გამოიყენებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლით განხორციელებულ სქემებში.
როგორც გამოცემა The Insider წერს, ტანკერი გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ დაცურავდა.
გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე 8 ივნისიდან გემი გადაადგილდებოდა გამორთული ტრანსპონდერით, რომელიც გემის ადგილმდებარეობის გადაცემას უზრუნველყოფს. ტრანსპონდერი მხოლოდ მცირე ხნით ჩაირთო 10 ივნისს.
The Insider-ის ცნობით, ტანკერის მარშრუტის თვალყურის დევნებაც რთულია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ მისი კოორდინატები ელექტრონული ჩარევებით იფარება ან იცვლება.
რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
RBC-Ukraine-ს ცნობით, WEST Horizon არის ქიმიური ტანკერი, რომლის ტვირთამწეობა 50 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.
მედიის ინფორმაციით, გემი დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და ავსტრალიის სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან, მათი შეფასებით, გამოიყენებოდა რუსული ნავთობის საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლისთვის.
მედიის ცნობით, WEST Horizon-ი ადრე არაერთხელ შესულა რუსეთის პორტებში - ნოვოროსიისკში, ტუაფსესა და დანქტ- პეტერბურგში.