აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მრავალი საერთო ინტერესი აქვთ, ვაშინგტონის პოლიტიკა თეირანის მიმართ საბოლოოდ განისაზღვრება იმით, თუ რა მიაჩნია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-სთვის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად - განსაკუთრებით ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
Fox News-ის ინფორმაციით, ვენსის განცხადება გაკეთდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ფონზე. როგორც ცნობილია, ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ხაზის გატარებას უჭერს მხარს.
„ისრაელსა და აშშ-ს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. თუმცა არსებობს საკითხები, სადაც ჩვენი ინტერესები განსხვავდება. და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა: მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს თავისი მიზნები აქვს, აშშ-ის მთავარი ამოცანა ირანთან მიმართებით არის იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს,“ - აღნიშნა ვენსმა
მისი თქმით, აშშ-მა ბოლო 18 თვეში „შექმნა საჭირო პირობები“, რათა ირანის ბირთვული საკითხი გრძელვადიან და მდგრადი შეთანხმებით გადაწყდეს.
მისივე თქმით, სწორედ ამისთვის აირჩიეს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად.
„ახლა ეს შეიძლება ისრაელს მოეწონოს ან არ მოეწონოს, მაგრამ რეალურად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს,“ - აღნიშნა ვენსმა.