აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ირანზე „სრულ გამარჯვებას“ გამოაცხადებს.
ამის შესახებ CNN იუწყება.
„ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ სურთ ძალიან ხელსაყრელი შეთანხმების დადება. ისინი მზად არიან ყველაფერი დაგვითმონ, მზად არიან უარი თქვან ბირთვულ იარაღზე... ვფიქრობ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ... ეს იქნება სრული გამარჯვება, ეს ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა,“ - განაცხადა ტრამპმა.
CNN აღნიშნავს, რომ ტრამპი პირველად არ საუბრობს მნიშვნელოვან პროგრესზე ან შედეგზე „ორი კვირის“ ვადაში და მსგავსი დაპირება მას წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია.
ირანთან ზავი, რომელიც 7 აპრილს გამოცხადდა, თავდაპირველად ორი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, რათა მხარეებს ომის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
Meet the Press-ის ეთერში ტრამპს ჰკითხეს, თუ რატომ არ დათანხმდა ირანი შეთანხმებას, მაშინ როდესაც, მისი თქმით, თეირანი მის დადებას ასე ძლიერ ცდილობდა.
„იმიტომ, რომ ისინი ძლიერები არიან. ისინი ამაყები არიან. არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც მათ არასდროს ეგონათ, რომ მოუწევდათ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება მოუწევთ. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ამას კი გარკვეული დრო დასჭირდება,“ - განაცხადა ტრამპმა.