რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები უხეშად დაარღვია.
„მთელი საარჩევნო კამპანია და თვით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მკაცრი რეპრესიების ფონზე ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ.
დევნის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ქვეყანაში ტრადიციულად ღრმად პატივცემული სომხური სამოციქულო ეკლესია.
ეს ყველაფერი წარმოადგენს ერევნის მხრიდან დემოკრატიული პრინციპების და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისი თქმით, არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზახაროვას მტკიცებით, ქვეყანაში რუსეთთან ურთიერთობების განვითარების დიდი მოთხოვნაა.
„რაც შეეხება მოსკოვის შემდგომ პოლიტიკას სომხეთთან ურთიერთობაში, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი კურსის განსაზღვრას სომხეთის ხელმძღვანელობის რეალური ნაბიჯების გათვალისწინებით“, თქვა ზახაროვამ.