რუსეთის დარტყმის დროს ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ეს იყო რუსეთის უკიდურესად ცინიკურიდარტყმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობენ იმაზე, რომ თითოეულმა პარტნიორმა იცოდეს, რა მოხდა. რუსეთმა მიზანმიმართულად დაარტყა სწორედ ამ ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტს. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება, თუმცა აშკარაა რუსეთის უკვე დიდი ხანია გადაჭარბებული თავხედობის კიდევ ერთი გამოვლინება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა მაშველებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, რომელიც ობიექტზე დარტყმის შედეგად გაჩნდა. პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა გადადგას დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს დაანახებს, რომ მსგავსი ქმედებები საბოლოოდ თავად მის წინააღმდეგ ბრუნდება.
ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის 13 ოლქში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე.
მისი თქმით, მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 88 რაკეტა, 3250-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და დაახლოებით 1800 მართვადი საავიაციო ბომბი
მანამდე „ენერგოატომმა“ გაავრცელა ინფორმაცია ბირთვული საწვავის საცავზე რუსული დარტყმის შესახებ. კომპანიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნულ შენობაში გამოყენებული ბირთვული საწვავი არ ინახებოდა.
ამასთან აღნიშნულია, რომ მანამდე ბირთვული საფრთხე წარმოიშვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც. იქ დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურზე, რომელიც რჩება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთ ხაზად.
.