რუსმა ოკუპანტებმა დრონებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა კრიტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ობიექტის ორი თანამშრომელი შეტევის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიოდა.
შემდგომში ფედოროვმა დაადასტურა, რომ ეს ორი ადამიანი დაიღუპა.
მისივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ადამიანი დაშავდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 55 დასახლებულ პუნქტზე 946 დარტყმა განახორციელეს.
„მივიღეთ 116 შეტყობინება ინფრასტრუქტურის ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების დაზიანების შესახებ“, - აღნიშნა ფედოროვმა.