ალჟირმა დაიწყო გაზსადენ Trans-Saharan Gas Pipeline-ის მშენებლობა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ნიგერია, ნიგერი და ალჟირი და ევროპას წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი მიაწოდოს, ვიდრე ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე ალტერნატივების მოძიებას განაგრძობს.
ამის შესახებ გამოცემა Business Insider იუწყება.
პროექტი ითვალისწინებს 4 128-კილომეტრიანი მარშრუტის მშენებლობას ნიგერიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ვარიდან ალჟირის გაზის Hassi R'Mel -ის ჰაბამდე, ნიგერის ტერიტორიის გავლით.
ალჟირის გაზის ჰაბთან დაკავშირების შემდეგ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ქვეყნის არსებული გაზსადენების ქსელის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვის საექსპორტო ტერმინალებსა და იმ მილსადენებში, რომლებიც ევროპულ ბაზარს ამარაგებს.
ახალი ალჟირული მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1 210 კილომეტრი იქნება და ის ნიგერის საზღვრიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილამდე გაიჭიმება. თავის მხრივ, ნიგერი 720-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებას 2027 წლის დასაწყისში გეგმავს.
პროექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროების ძიება დაიწყო.
ამასთან, Trans-Saharan Gas Pipeline-ს კონკურენციას უწევს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი — Nigeria–Morocco Gas Pipeline, რომელმაც დასავლეთ აფრიკის ატლანტიკური სანაპიროს გასწვრივ უნდა გაიაროს.