აშშ-მა ხუთშაბათს სანქციები დაუწესა კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელს და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირსა და ორგანიზაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარატმენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. იუწყება Reuters
სანქციები ასევე შეეხო კიდევ ოთხ პირსა და ხუთ ორგანიზაციას, მათ შორის დიას-კანელის მეუღლეს ლის კუესტა პერასას, კასტროს ოჯახის ორ წევრსა და კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების სამინისტროს.
66 წლისდიას-კანელი, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2018 წლიდან იკავებს - მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე შეცვალა რაულ კასტრო, კუბის ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროს ძმა.
აშშ-ის გადაწყვეტილება დიას-კანელის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ კუნძულზე არსებული კომუნისტური ხელმძღვანელობის მიმართ ზეწოლის გაძლიერების ბოლო ნაბიჯია.
სანქციების შესახებ განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, კუბა „კარგად მართული ქვეყანა“ იყოს.
„ეს არის წარუმატებელი ერი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე, ძალიან კარგი გეგმა კუბისთვის“, - განაცხადა ტრამპმა
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა სოციალურ ქსელში სანქციებს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ის აშშ-ის ჩარევის პოლიტიკის მორიგ მაგალითს წარმოადგენს.
„აშშ-ის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შექმნის სცენარისკენ არის მიმართული, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა როდრიგესმა.