უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების 14-ე პოლკი აცხადებს, რომ დონეცკის აეროპორტი საცეცხლე კონტროლის ქვეშ აიყვანა და „შაჰედების“ ტიპის დრონების დანადგარები, სამშენებლო ამწეები, მტრის სატრანსპორტო ტექნიკა და საწყობები გაანადგურა.
ინფორმაცია გავრცელდა დანაყოფის ოფიციალურ გვერდებზე.
„ოკუპანტებმა დონეცკის აეროპორტი გადააქციეს სამხედრო-ლოგისტიკურ ჰაბად და ‘შაჰედის’ ტიპის დამრტყმელი უპილოტოების გაშვების ძირითად პლატფორმად. ჩვენი დანაყოფი სისტემურად ანადგურებს მტრის ინფრასტრუქტურას და აეროდრომის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის,“ - ნათქვამია განცახდებაში
სამხედროების თქმით, დრონების ოპერატორები ანადგურებენ გამშვებ დანადგარებს, სატრანსპორტო საშუალებებს და პერსონალს პირდაპირ ასაფრენ ზოლზე.
მათივე ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს სისტემური მოქმედებები მტრის მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ, რაც რუსეთის მხარეს აიძულებს გააუქმოს ფრენები და ოპერაციები.
განცხადების მიხედვით, საინჟინრო ტექნიკის, საწვავის სატვირთოების და ლოგისტიკური კვანძების განადგურება „სრულად ანგრევს აეროდრომის ეკოსისტემას“.
„ჩვენი მუშაობის შედეგია - განადგურებული ‘შაჰედების’ დანადგარები, განადგურებული სამშენებლო ამწეები, მტრის სატრანსპორტო ტექნიკა და საწყობები,“ - ნათქვამია განცახდებაში.
ასევე, უწყების განცხადებით, დონეცკის აეროპორტზე საცეცხლე კონტროლი წარმოადგენს ასიმეტრიული ოპერაციის მაგალითს, სადაც მცირე ძალებით ჩაშლილია მტრის ოპერატიულ-სტრატეგიული გეგმები.