რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევები მტრის სამხედრო მომარაგების სისტემის დასუსტების ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია და ექსპერტების შეფასებით, ეს უკრაინის პოზიციების გაძლიერებაზე მიუთითებს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს.
გამოცემა Foreign Policy აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ დრონების ფართომასშტაბიანი გამოყენების წარმატება მნიშვნელოვანწილად დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.
გამოცემა წერს, რომ უკრაინა აქტიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიურ საშუალებებსა და უპილოტო სისტემებს, რომელთა წინააღმდეგ ეფექტიანი თავდაცვის მექანიზმების შემუშავებას რუსეთი ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
გამოცემასთან საუბარში ევრაზიის საკითხების ექსპერტმა, რობ ლიმ განაცხადა, რომ ფრონტზე არსებული ვითარება ერთი წლის წინანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
„ახლანდელი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო - ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავებაა“, - აღნიშნა მან.
გამოცემის მიხედვით, გასულ წელს უკრაინელი სამხედროები ძირითადად რუსეთის შეტევების მოგერიებაზე იყვნენ კონცენტრირებული, რაც მნიშვნელოვნად რთულდებოდა უკრაინული ლოგისტიკის წინააღმდეგ ხშირი რუსული იერიშებისა და შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის დეფიციტის გამო. Foreign Policy-ის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში უკრაინული დრონების ოპერაციები რუსეთის მომარაგების ქსელებზე მზარდ ზეწოლას და საბრძოლო ვითარებაზე გავლენას ახდენს.
გამოცემა Foreign Policy წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების, მოსკოვის მაღალი დანაკარგების, შიდა უკმაყოფილებისა და სხვა ფაქტორების ფონზე, უკრაინა დღეს უფრო მეტად არის დარწმუნებული, რომ ომის დასრულებას მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბიდანოვმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლოა ზამთრამდე გახდეს შესაძლებელი.
Foreign Policy-ის შეფასებით, უკრაინული საშუალო მოქმედების რადიუსის დრონები რუსეთს აიძულებს ან მნიშვნელოვანი ფინანსური და ლოგისტიკური რესურსები დახარჯოს სამხედრო ტვირთების, საწვავის, საბრძოლო მასალებისა და ცოცხალი ძალის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ან გააგრძელოს დანაკარგების რისკის ქვეშ მოქმედება.
რობ ლის, თქმით, ასეთი დარტყმები რუსეთის სამხედრო ოპერაციებს დამატებით სირთულეებს უქმნის.
„ეს გაართულებს რუსეთის წინსვლას, რადგან მნიშვნელოვნად გაზრდის მის ხარჯებს“, - განაცხადა ექსპერტმა.
გამოცემა Foreign Policy წერს, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო ლოგისტიკისა და მომარაგების სისტემების წინააღმდეგ დარტყმების ტაქტიკას კიდევ უფრო აქტიურად იყენებს.
სტატიის თანახმად, ოკუპანტების პოზიციებზე შეტევების რაოდენობა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 19 კილომეტრზე ან მეტ მანძილზე მდებარეობს, თებერვლის შემდეგ ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ მაისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ზურგში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.
„ეს ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა შორ მანძილზე განხორციელებული იერიშების მზარდ მნიშვნელობას.