გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების და ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.
სტუდენტებმა, ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, ბიოლოგიური და ქიმიური მეთოდებით ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია სისტემატურად მასპინძლობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
ლაბორატორიაში წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) - პროექტის გახსნითი ღონისძიება და პროექტ „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოვება.