ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აშშ-თან მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პროცესს „ძალიან წარმატებულად“ აფასებს.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ერთმანეთთან შეტყობინებების გაცვლას აგრძელებენ.
„ამჟამად ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესი არ მიმდინარეობს. თუმცა, შეტყობინებების გაცვლა გრძელდება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ირანმა ამერიკულ მხარეს გაუგზავნა გზავნილები, რომლებშიც ხაზგასმული იყო ბეირუთზე შესაძლო ისრაელის თავდასხმის თავიდან აცილების აუცილებლობა.
„ჩვენი საკომუნიკაციო არხები არ გაწყვეტილა. ორივე მხარე კვლავ განიხილავს არსებულ ჩარჩოებს“, - განაცხადა არაღჩიმ.
ამავე დროს, დონალდ ტარმპმა ოთხშაბათს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ უფრო ოპტიმისტური შეფასება გააკეთა და მიანიშნა, რომ ომის დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირასაც იყოს მიღწეული.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანული სააგენტო Tasnim ორშაბათს იუწყებოდა, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები შეჩერებული იყო.
თუმცა, ირანის მთავარი მომლაპარაკებელმა, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა გაფრთხილება გააკეთა, რომ პროცესი შეწყდება, თუ ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს გააგრძელებს.
ამ ფონზე, ხუთშაბათს ღამით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.