ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაზე, თუმცა მისი ძალაში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, შეწყვეტს თუ არა "ჰეზბოლა" სრულად სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს და გაიყვანს თუ არა ყველა მებრძოლს სამხრეთ ლიბანიდან.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ლიბანში სამხედრო ოპერაციების გაფართოებით დაიმუქრა, რაც, შეფასებების მიხედვით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც უქმნიდა საფრთხეს.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ 22 ივნისიდან პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს განაახლებენ, რათა საბოლოოდ ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიონ. ამ პროცესში აშშ მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას გააგრძელებს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ საპილოტე ზონების შექმნის დაჩქარებაზე, სადაც ტერიტორიის კონტროლს ექსკლუზიურად ლიბანის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ და არ დაუშვებენ არცერთი არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული ჯგუფის ყოფნას. თუმცა, ამ ზონების ამოქმედების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
განცხადების თანახმად, ისრაელმა დაადასტურა, რომ მისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ "ჰეზბოლას" განიარაღებითა და მისი ინფრასტრუქტურის სრულად დემონტაჟით ლიბანის მთელ ტერიტორიაზე.
ლიბანმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ორმხრივი პატივისცემა და საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტა. ამასთან, ბეირუთმა ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების მნიშვნელობას.
განცხადების მიხედვით, ლიბანმა აიღო ვალდებულება, აშშ-ის მხარდაჭერით გააძლიეროს ლიბანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები, რათა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლი და სახელმწიფო სუვერენიტეტის განხორციელება უზრუნველყოს.
თავის მხრივ, აშშ-მა დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის განმტკიცებისთვის.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა მხარემ დაგმო ირანის თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და ის ქმედებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის - როგორც ირანის მოკავშირეების მხარდაჭერის, ისე ნებისმიერი სხვა აგრესიული მოქმედების გზით.