Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის სამი მთავარი ევროპელი მოკავშირე - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კიევთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას და ომის დასრულების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად.
გამოცემის წყაროების ცნობით, სამი ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატს, რომელშიც კონფლიქტის ორივე მხარე იქნება ჩართული. ამ საკითხზე კონსულტაციები უკრაინელ კოლეგებთანაც გაიმართა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციებს აძლიერებს.
წყაროების შეფასებით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების გაჭიანურების, რუსეთის მზარდი დანაკარგებისა და ფრონტზე შექმნილი ჩიხური მდგომარეობის ფონზე, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე დათანხმდეს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კრემლზე ზეწოლას ზრდის უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დრონებით განხორციელებული წარმატებული დარტყმები, ასევე მოსკოვის მაღალ პოლიტიკურ წრეებში ომის მიმართ უკმაყოფილების გარკვეული ნიშნების გამოჩენა.
გამოცემის წყაროების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა გაგრძელდეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების მცდელობა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია და ევროპელი პარტნიორები მასზე ზეწოლას არ მოახდენენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი ამ საკითხს განიხილავენ.
ამავე დროს, ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს დამატებითი Patriot-ის სისტემებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთი უკრაინის ქალაქებზე დარტყმებს აგრძელებს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი შეფასებით, ახლა მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი დრო არ არის, რადგან ვლადიმირ პუტინი კომპრომისისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ აჩვენებს და კვლავ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის უკრაინის მიერ არაოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.
წყაროების თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა ამ ეტაპზე ყურადღება უნდა გაამახვილონ კიევისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებასა და კრემლზე ზეწოლის გაძლიერებაზე ახალი სანქციების გზით.
მათივე შეფასებით, ევროპამ და აშშ-მა ერთობლივად უნდა აიძულონ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან , რადგან მთავარი პრობლემა მოსკოვშია და არა კიევში.