რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „აგრესიულად ცდილობს“ სომხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შემცირებას.
უწყების მტკიცებით, ბრიუსელი თითქოს ზეწოლას ახორციელებს სომხეთში რელიგიური პროცესების მიმართულებით.
მისივე მტკიცებით, ე.წ. „ევროანტიქრისტეებმა“ სომხეთში რუსული მართლმადიდებლური გავლენის შესუსტება დაისახეს მიზნად და ევროინტეგრაციის პირობად მოსკოვთან „სულიერ-რელიგიური კავშირების გაწყვეტას“ განიხილავენ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის პარტნიორული მისია სომხეთში მონაწილეობს პროცესებში, რომლებიც, მათი შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, მათ შორის ეკლესიის ქონებით სარგებლობის შეზღუდვასა და ადგილობრივ რელიგიურ სტრუქტურებთან დიალოგის დაბლოკვას.
უწყების მტკიცებით, ამ პროცესში ზეწოლა ხორციელდება ასევე სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობებზე.
ამასთან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ სომხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები - „ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი“ და „ვანაძორის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ოფისი“ 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მღვდელს სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.