აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის კუნძულ ქეშმზე მდებარე სახმელეთო მართვის პუნქტზე იერიში მიიტანეს. უწყების ინფორმაციით, დარტყმა ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო შეტევების საპასუხოდ განხორციელდა.
CENTCOM-ის ცნობით, ირანმა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა სამიზნეს ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ქუვეითისკენ გაშვებული ორი რაკეტა მიზნამდე ვერ მივიდა, ხოლო ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით შეტევები განახორციელა.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ქეშმზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად ამერიკულ მხარეს დანაკარგი არ აქვს. აშშ-ის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმა თავდაცვითი ხასიათის იყო და რეგიონში ირანის სამხედრო აქტივობის საპასუხოდ განხორციელდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ ქუვეითის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო შეტევა კუნძულ ქეშმზე ამერიკული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის პასუხი იყო.
ირანული მხარის ინფორმაციით, ქუვეითის მიმართულებით სულ მცირე 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. IRGC-ის განცხადებით, ეს მხოლოდ „საწყისი რეაქციაა“ და მომავალში უფრო ძლიერი საპასუხო მოქმედებებია მოსალოდნელი.
კორპუსის მტკიცებით, ასევე განხორციელდა იერიშები რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მყოფ გემზე. თეირანი ამ ქმედებებს უკავშირებს აშშ-ის მიერ ირანთან დაკავშირებულ ნავთობტანკერზე განხორციელებულ თავდასხმას.
ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) უარყო ირანის განცხადებები, რომლის მიხედვითაც დარტყმები წარმატებით განხორციელდა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინასა და რეგიონში არსებულ ამერიკულ ავიაბაზაზე.
CENTCOM-ის განცხადებით, ირანის ყველა შეტევა ამერიკულ ძალებზე წარუმატებელი აღმოჩნდა და აშშ-ის სამხედროები რეგიონში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან.
ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ირანი პირველად დათანხმდა ბირთვული პროგრამის გარკვეული ასპექტების განხილვას.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას უახლოეს პერიოდში ელოდება.