1-ელ დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ენერგეტიკის სფეროს საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრა გაიმართება. პროექტი ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) ხელშეწყობით და INOGATE-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ექსპერტები სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილსა და კომისიის წევრებს ხვდებიან.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციისა და უნგრეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გაბორ სორენი, ლიტვის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვიდმანტას იანკაუსკასი, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მარეგულირებელი სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ კოლეგებს რეგულირების სფეროში გამოცდილებას უზიარებენ.
პროგრამა INOGATE ევროკავშირს, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას გულისხმობს. აღნიშნულ პროგრამაში საქართველოსთან ერთად 11 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. სემეკი, ასევე, რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. ასოციაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის ქვეყნებისა და აშშ-ის მარეგულირებელ სტრუქტურებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანი წევრ ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ სფეროში გამოცდილების გაზიარებაა.
შეხვედრა 30 ნოემბერსაც გაიმართა.