საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე ისეთივე "ოსეტინოფობია" და სამხრეთ ოსეთის მრავალეროვანი ხალხის თავისუფლების ჩამკვლელი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს განცხადება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მოღვაწე ე.წ ექსპერტმა ინალ ფლიევმა გააკეთა რუსული მედიასაშუალების "ინტერფაქსის" ოფისში ალექსნდრე ებრალიძის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, რომელთა დროსაც ებრალიძემ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრის გზად კონფედერაცია დაასახელა.
"ებრალიძე ისევე როგორც სააკაშვილი რევიზიას უქვემდებარებს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანს, არამედ უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერაა გაფორმებული. გასაკვირია, რომ არის რა რუსეთის მოქალაქე იგი უკვე ახლა ახმოვანებს განზრახვას შეეწინააღმდეგოს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", _ აცხადებს ფლიევი.
მისივე თქმით, ებრალიძესა და სააკაშვილს შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ თუკი სააკაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამორჩილება უხეში ძალის მეშვეობით აპირებდა, ებრალიძე ამისათვის უფრო რბილი მეთოდების გამოყენებას აპირებს.
"კონფედერაციაზე საუბრისას საქმე მართლა კონფედერაციას კი არ ეხება, არამედ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის სრულ შთანთქმას', _ აცხადებს ინალ ფლიევი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, რომ მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაამარცხოს და დასძინა, რომ მას საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომელიც 2015 წლამდეა გაწერილი.
ებრალიძე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მისი პროგრამის ნაწილს შეადგენს საქართველოს ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
"გაერთიანების მოდელს კონფედერაციის ფარგლებში ვხედავთ. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ საზღვრები საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სამი თვის განმავლობაში იქნება თავისუფალი მოძრაობა საქონლისა, ფულისა და ადამიანებისა. მთელს სამოქალაქო პროცესს ჩვენ გადავიტანთ სამკუთხედში თბილისი-მოსკოვი-სოხუმი, თბილისი-მოსკოვი-ცხინვალი", _ აცხადებს ებრალიძე.
"ევროპული თანამეგობრობისა და აშშ-სთან თანამეგობრობის გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ ძალუძთ მსგავსი პრობლემების გადაჭრა თუნდაც კვიპროსსა და თურქეთს შორის - ნატოს წევრებს შორის. ეს სულაც არ ნიშნავს ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს იგნორირებას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ - გადავაქცევთ რა რუსეთს ჩვენს მთავარ მოკავშირედ", _ აცხადებს იგი.