აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა. ამის შესახებ The New York Times თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
დონალდ ტრამპმა 29 მაისს თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები შეკრიბა, რათა ამერიკელ და ირანელ მომლაპარაკებლებს შორის მიღწეულ შესაძლო შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. გაზეთის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გადასაწყვეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ირანისთვის გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვის საკითხი, განაცხადა გამოცემის წყარომ.
მანამდე დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი უნდა დათანხმდეს, რომ მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი ან ბომბი, ჰორმუზის სრუტე კი დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ყოველგვარი გადასახადის გარეშე, შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის ორივე მიმართულებით.