თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მაისის ღამეს ოდესის ოლქში თურქულ სატვირთო გემზე რუსული დრონებით თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა.
უწყების განცხადებაში, ნათქვამია, რომ გემი, რომელიც თურქულ კომპანიას ეკუთვნის და ვანუატუს დროშით ცურავს, ოდესის ოლქიდან თურქეთისკენ გადაადგილდებოდა მშრალი ტვირთით, როდესაც დრონით თავდასხმა განხორციელდა.
შედეგად ეკიპაჟის თურქეთის ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.
თურქეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ „შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში ბოლო სამხედრო ესკალაციის რისკებითა და საფრთხეებით“ და ყველა მხარეს აფრთხილებს შესაძლო უარყოფითი შედეგების შესახებ.
ამასთან, ანკარა ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნაბიჯებისგან, რომლებიც შეიძლება უკონტროლო ესკალაციამდე მივიდეს და კვლავ ადასტურებს, რომ შავი ზღვის სამოქალაქო ნავიგაციის უსაფრთხოება და მოლაპარაკებებით ომის დასრულება კვლავ პრიორიტეტულია.
29 მაისის ღამეს რუსეთმა მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა თურქული გემის წინააღმდეგ, რომელიც ოდესის ოლქის პორტიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა. შეტევის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა.