რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალათში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, ბინა დააზიანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალები ოდესის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები შუაღამისას მფრინავი დრონისთვის დამახასიათებელმა ხმამ გააღვიძა. მალევე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც 10-ე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობდნენ. შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბინა, რომელსაც დრონი დაეჯახა, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მწვავე სტრესული რეაქცია განუვითარდა.
მოგვიანებით გალათის სასწრაფო დახმარების რეგიონული სამსახურის დირექტორმა დანიელა ენჩუმ განაცხადა, რომ ქალმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, ხოლო 14 წლის ბიჭს მწვავე სტრესული რეაქცია ჰქონდა. ორივე დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება.