გორის პოლიციის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო.
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.
მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შესულიყვნენ და მიეღოთ კითხვებზე პასუხები.
„მკვლელებო, მონებო“, - სკანდირებენ გორის პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეები.
"აქ დაახლოებით 50-მდე პოლიციელია და მინდოდა მეკითხა, როგორ არავის გაუჩნდა სურვილი, რომ ის ადამიანი გადაერჩინა, რომელიც სასიკვდილოდ ჰყავდათ გამეტებული და რიგში იდგნენ, რომელს წიხლი უფრო მაგრად ჩაერტყა. შეეცადნენ ძალის გამოყენებით გამოვეწიე და კინაღამ კარებში მომაყოლეს. ჩვეულებრივად შევედი, მინდოდა მეკითხა და მომცვივდნენ, ვირთხებივით ჩამქრალ შუქში არიან. ესენი ვერ უნდა დადიოდნენ მშვიდად. სამართალდამცველების ამათ არაფერი ეტყობათ. ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში აწამებენ. ვის უნდა ჰქონდეთ ამათი იმედი, რამე რომ გამიჭირდეს 112-ში ვერ დავრეკავ. რომელიმე მოქალაქეს განცდა უჩნდება, რომ დაცული იქნება ამ ქალაქში?- განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ტვ პირველს".
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.