აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას Axios ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.
60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ჰორმუზის სრუტეში „შეუზღუდავი“ გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ არ იარსებებს გადასახადი და შევიწროება და ირანს 30 დღის განმავლობაში მოუწევს სრუტიდან ყველა ნაღმის ამოღება.
აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ასევე მოიხსნება, მაგრამ ეს მოხდება კომერციული გადაზიდვების აღდგენის პროპორციულად.
ოფიციალური პირების თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ირანის ვალდებულებას, არ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეთანხმებაზე საბოლოო თანხმობა ჯერ არ გაუცია.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპს შეთანხმების დეტალების შესახებ აცნობეს, თუმცა დონალდ ტრამპს დოკუმენტი ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.
„პრეზიდენტმა შუამავლებს აცნობა, რომ ამის შესახებ ფიქრისთვის რამდენიმე დღე სჭირდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.