2027 წლის დასაწყისში უკრაინამ უნდა მიიღოს Gripen-ის C/D მოდიფიკაციის პირველი 16 გამანადგურებელი, ხოლო 2030 წლისთვის - ყველაზე თანამედროვე E სერიის კიდევ 22 ახალი გამანადგურებელი, რომელსაც ქვეყანა შეიძენს.
ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეს ორივე ქვეყნის ლიდერებმა უკრაინასა და შვედეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
კრისტერსონის თქმით, Gripen-ის გამანადგურებლები უკრაინისთვის საუკეთესო არჩევანია და მის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინელ პილოტებს ამ თვითმფრინავებზე უკვე უფრენიათ.
„ახლა ჩვენ ამ საერთო გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ Gripen-ებს გადავცემთ“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
მისი თქმით, ქვეყნებმა ასევე დაასრულეს მოლაპარაკებები პირველი Gripen-ის გამანადგურებლების შესახებ.
„როგორც კი უკრაინა უახლოეს პერიოდში შეთანხმებას მოაწერს ხელს, შვედეთი იმუშავებს ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულებაზე“,- დაამატა ულფ კრისტერსონმა.
შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ პირველ თვითმფრინავებს მომზადებულ პილოტებთან ერთად უკვე მომდევნო 10 თვის განმავლობაში მიიღებს.
„ამ პაკეტიდან 2 მილიარდ ევროზე მეტი მხარდაჭერა სწორედ თვითმფრინავებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითმფრინავები შესაბამისი შეიარაღების კომპლექტით იქნება აღჭურვილი. ეს დაგვეხმარება, მათ შორის, რუსული მართვადი ბომბებისგან თავდაცვაში. საუბარია უკრაინისთვის Gripen-ების სრულ ესკადრილიაზე. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.