ყირგიზეთის უზგენის რაიონის ოშსკის ოლქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჯარიმა დაუწესოს მათ, ვინც ქორწილებსა და დაკრძალვაზე უზომოდ ბევრ თანხას დახარჯავს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა პარლამენტმა მიიღო.
ადგილობრივ მოსახლეობას ამ გადაწყვეტილების შესახებ განუმარტავენ. ვინც ახალ წესს არ შეასრულებს, ხელისუფლება მათ 25-დან 50 ათას სომს გადაახდევინებს (რაც დაახლოებით 500-1000 დოლარია).
ახალი გადაწყვეტილების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავეს სხვაგვარი სასჯელი ემუქრება: აგილობრივი თემი მის მიერ მოწყობილ ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც ქორწილისა და არც დაკრძალვის დროს მათ გვერდით არ იდგებიან.
ამასთან, არ კონკრეტდება, კერძოდ, რა თანხაა დასაშვები ამ ღონისძიებებისთვის. ან კიდევ, ვინ დაითვლის, თუ რა თანხა დახარჯა ამა თუ იმ ოჯახმა.
ცნობისთვის, ყირგიზეთის მოსახლეობა ყოველწლიურად ქორწილებსა და დაკრძალვისთვის 300 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. უფრო ადრე, ღონისძიებების მდიდრულად გამართვა ტაჯიკეთში აკრძალეს. 2007 წელს პრეზიდენტ ემომალი რახმონის ინიციატივით, სპეციალური კანონი მიიღეს, რომლითაც ქორწილში სტუმრების რაოდენობა, ავტომანქანებისა და საქორწილო კორტეჟის რაოდენობა შეზღუდული იყო.
2009 წლის ბოლოს კი ტაჯიკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შეზღუდვების წყალობით, ქვეყნის მოსახლეობამ მილიონობით დოლარზე მეტი თანხის ეკონომია შეძლო.