საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობას გმობს და პროკურატურას ობიექტური და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ლევან იოსელიანის განცხადებას, სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი ცნობით, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება, საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი.
სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.