პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა,რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს , - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე ზენონი გორში, პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის მომხდარ ფაქტს ეხმიანება.
„პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა,რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს.
ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა“, - წერს მეუფე ზენონი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.