რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, კიევიდან საელჩოების ევაკუაცია არ განახორციელოს, ნიშნავს, რომ მათ „ზედმეტი დიპლომატები ჰყავთ“ და მზად არიან „დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალი შეამცირონ“.
„ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ცვლილებების გარეშე შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ ზედმეტი დიპლომატები ჰყავთ და პერსონალის შემცირება სჭირდებათ“, - დაწერა მედვედევმა X-ზე.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ სტარობელსკზე განხორციელებულმა დარტყმამ „მოთმინების ფიალა აავსო“ და რუსეთი იწყებს „სისტემურ დარტყმებს“ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, სამიზნეები იქნება ადგილები, სადაც ხდება უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირება, წარმოება, პროგრამირება და გამოყენებისთვის მომზადება. ასევე საუბარია „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმებზეც.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ.