უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან საუბრისას კიევზე შესაძლო დარტყმებს ეხებოდა, „თავხედური პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მხრიდან ომის გაგრძელების სურვილს ადასტურებს.
მისი თქმით, ეს არის რუსეთის მიერ საჯარო გზავნილი, რომელიც მიუთითებს, რომ მოსკოვი რეალურად არ არის დაინტერესებული მშვიდობით.
„მე ამას ვაფასებ როგორც თავხედურ პროვოკაციას. ეს არის საჯარო დადასტურება იმისა, რომ რუსეთის მხრიდან არსებობს დაინტერესება ომის გაგრძელებით,“ - განაცხადა სიბიჰამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ არის რეალურად დაინტერესებული ესკალაციით.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ არის რეალურად დაინტერესებული ამ ომის გაგრძელებით და ესკალაციით,“ - თქვა მან.
სიბიჰამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორები უფრო მკაცრ რეაქციას გამოიჩენენ:
„ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სიგნალების მიღების შემდეგ ჩვენი პარტნიორები, ნაცვლად მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებისა, მისცემენ მკაფიო და მტკიცე სიგნალს მოსკოვს - არ განახორციელოს ასეთი დარტყმები,“ - აღნიშნა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმებს იწყებს.