პუტინს სურდა „სიძლიერის“ ჩვენება, მაგრამ რეალურად მხოლოდ თავისი სისუსტე დაადასტურა, - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.
სიბიჰას ცნობით, რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული შეტევა განახორციელა, დაახლოებით 600 დრონის, ათეულობით ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის გამოყენებით. დარტყმების ქვეშ მოექცა ასევე ჩერკასის, ხარკოვის, კროპივნიცკის, ოდესის, პოლტავის, სუმისა და ჟიტომირის ოლქები.
"ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და მრავალი ათეული დაშავებულის შესახებ. ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაზიანებულია მრავალი საცხოვრებელი სახლი.
ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევის უუნარობის ფონზე პუტინი მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორს მიმართავს.
ეს დარტყმა, სავარაუდოდ, შიდა აუდიტორიისთვის „სიძლიერის დემონსტრირებას“ ისახავდა მიზნად, თუმცა რეალურად მხოლოდ პუტინის სისუსტეს ადასტურებს. თვით რუსებმაც ხედავენ, რომ ის დამარცხებულია.
მისი „სპეციალური ოპერაცია“ შედეგს ვერ აღწევს. დანაკარგები უზარმაზარია, თუმცა არც ერთი დასახული მიზანი არ არის მიღწეული. გარდა იმისა, რომ რუსეთში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს, რადგან უკრაინა შორ მანძილზე დარტყმებით აგრძელებს ე.წ. სპეციალურ სანქციებს.
ჩვენს მოკავშირეებს მინდა ვუთხრა: დროა არა უკან დახევა, არამედ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გამკაცრება.
მოვუწოდებთ დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებას, მათ შორის ჩვენი ცის დაცვისთვის; თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების ზრდას; რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის რუსი სამხედროებისთვის შესვლის აკრძალვას, გაყინული აქტივების სრულ გამოყენებას; ასევე მკაფიო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მსოფლიოს აქვს ბერკეტები - საჭიროა მათი სწორად გამოყენება, რათა მოსკოვმა დაინახოს, რომ ასეთი დარტყმები შედეგს ვერ მოიტანს და იძულებული გახდეს ომი დაასრულოს", - წერს სობიჰა.