ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა იმოქმედოს მკაცრად და აჩვენოს ძალა რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ ფლანგზე მიმდინარე პროვოკაციების საპასუხოდ.
როგორც The Guardian წერს, ყოფილმა გენერალმა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრემლი ცდილობს ბალანსის დაცვას ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ზღვარზე - ფორმალურად არ არღვევს მას, თუმცა მუდმივად ამოწმებს ალიანსის მოთმინებას.
„რუსეთs, სამწუხაროდ, არ ესმის კეთილი სიტყვების. ისინი ძირითადად ძალის ენას იგებენ, იდეალურ შემთხვევაში ქმედებით გამყარებულს… თუ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევები გაგრძელდება, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება - ჩამოვაგდოთ როგორც უპილოტო, ისე პილოტირებული საფრენი აპარატი“, - განაცხადა პაველმა.
როგორც პეტრ პაველმა აღნიშნა, მოსკოვი რეგულარულად ახორციელებს პროვოკაციებს საჰაერო სივრცეში და სახიფათო მანევრებს შავ და ბალტიის ზღვებში სამხედრო გემებთან ახლოს.
მისი თქმით, როდესაც მან თავად ჰკითხა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ამ ქმედებების მიზეზი, პასუხი მოკლე იყო: „იმიტომ, რომ შეგვიძლია“.
პაველის შეფასებით, სწორედ ასეთი ქცევა ნაწილობრივ თავად დასავლეთმა დაუშვა და ხელი შეუწყო კრემლის თავხედობას.
რუსეთის აგრესიულ ქმედებასთან გასამკლავებლად მან სხვადასხვა ზომაზე ისაუბრა. მათ შორის უფრო მკაცრ ნაბიჯებად დაასახელა ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა, რუსული ბანკების გლობალური ფინანსური სისტემებიდან გათიშვა და იმ თვითმფრინავების ჩამოგდება, რომლებიც ნატო-ს საჰაერო სივრცეს არღვევენ.
ასევე პაველმა აშშ-ს უფრო მკაცრი პოლიტიკისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამერიკის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უნდა გაამკაცრონ პოზიცია და სანქციების მოხსნა პირდაპირ დაუკავშირონ სამშვიდობო პროცესს.
ამავდროულად ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გააკრიტიკა ევროპა პასიურობისა და ვაშინგტონისგან მუდმივი სიგნალების მოლოდინის გამო.
„ჩვენ ძირითადად ველოდებით, რა მოვა ვაშინგტონიდან. თუ ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებს არ შევთავაზებთ, სუსტად ან დეზორიენტირებულად გამოვჩნდებით“, - განაცხადა მან.
პაველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური დარტყმისთვის საუკეთესო მომენტი უკვე ხელიდან არის გაშვებული, დასავლეთმა უნდა სცადოს „ბოლო მცდელობა“ მკაცრი სანქციების დაწესების მიმართულებით.
მისი შეფასებით, კრემლისთვის პირობები მკაფიო უნდა იყოს: სანქციების შესაძლო მოხსნა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება და დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები.