აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, თუ ის კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული იქნება.
რუბიომ შვედეთში ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შედეგიანი არ ყოფილა.
მან ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს აშშ უკრაინაზე ზეწოლას ახდენდეს კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად.
„თუ დავინახავთ შესაძლებლობას, რომ ორგანიზებული იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც პროდუქტიული იქნება და არა კონტრპროდუქტიული, და რომლებსაც რეალური შედეგის მიღწევის შანსი ექნება, მზად ვართ ეს როლი შევასრულოთ“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ სიტუაცია შეიცვლება.
„ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება დასრულდეს. ის სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული გაგებით“, - დასძინა მარკო რუბიომ.
რუბიოს თქმით, როგორც ჩანს, მსოფლიოში სხვა არავინ არის, ვინც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას შეძლებს. თუმცა მან აღნიშნა, რომ „თუ ვინმეს სურს ამ საქმით დაკავდეს, შეუძლია ეს გააკეთოს“.
„ჩვენ მზად ვიქნებით ჩავერთოთ, თუ გაჩნდება შესაძლებლობა კონსტრუქციული და შედეგიანი მოლაპარაკებების გასამართად. ამავდროულად, არ ვართ დაინტერესებული უსასრულო შეხვედრების ციკლში მონაწილეობით, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
.