26 მაისს საზოგადოება ლიდერებისგან და არამარტო, მოისმენს გზამკვლევს, როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია იქნება განსხვავებული აქამდე არსებულ აქციებთან შედარებით.
„26 მაისის აქცია დაგეგმვის პროცესშია. აქცია 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და მარშით თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება, სადაც იქნება როგორც პოლიტიკური მიმართვები, ასევე კონკრეტული ამბები, რასაც საზოგადოება მოისმენს და ეს არის დამუშავების პროცესში. სიურპრიზები, ცხადია, იქნება, იქნება განსხვავებული, რაც აქამდე ყოფილა და საზოგადოება ლიდერებისგან, და არ მარტო ლიდერებისგან, მოისმენს იმ გზამკვლევს, როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, როგორ მივდივართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე.
ეს არის ალიანსის აქცია, ალიანსი თვისობრივად არის განსხვავებული. ის პოლიტიკური ოპოზიციის ერთობას წარმოადგენს, ძლიერ ალტერნატივას, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და ეს კვლევებშიც დადასტურებულია. შესაბამისად, ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკური ალტერნატივისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას აჩვენოს გზა და სტრატეგია, თუ როგორ მივდივართ თავისუფალ არჩევნებამდე და ამ ქვეყნის ევროპული გზის დაბრუნებამდე.
სპიკერების სია ჯერ საბოლოოდ შედგენილი არ არის, დაგეგმვის პროცესშია, თუმცა ვნახავთ, დაველოდოთ 26 მაისს. მთავარია, ვიყოთ ბევრნი და „ქართულ ოცნებას“ ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით. მიდის კონსულტაციები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთანაც, ვნახავთ 26-ში, ჯერ არ არის საბოლოო სია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.