უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ჰელსინგბორგში NATO–უკრაინის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომში „გარდამტეხი მომენტი“ დგება და უკრაინა მხოლოდ დახმარებაზე დამოკიდებული ქვეყანა აღარ არის.
მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონაწილე, დონორი და პარტნიორია, რომელიც მზად არის, საკუთარი გამოცდილება მოკავშირეებს გაუზიაროს.
„უკრაინა აღარ არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ დახმარებას ითხოვს; ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონაწილე, დონორი და პარტნიორი ვართ, მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება მოკავშირეებს გავუზიაროთ.
თავდაცვაზე ხარჯების ზრდა მშვიდობის გარანტიაა და NATO-ს თითოეულ წევრს მოვუწოდებ, წვლილი შეიტანოს უკრაინის დაცვაში. ეს ინვესტიცია ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ მშვიდობის დივიდენდს მოიტანს“, - განაცხადა სიბიჰამ.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ „მოსკოვზე ზეწოლა ძლიერდება“ და ომი „გარდამტეხ მომენტში“ შედის.
„უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს და რუსეთის ადამიანური რესურსი უკვე აღარ წარმოადგენს გადამწყვეტ უპირატესობას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მშვიდობის მისაღწევად სამი მთავარი ელემენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: დიპლომატიაზე, ზეწოლასა და ძალაზე. მშვიდობის მისაღწევად ჩვენს ძალისხმევას ახალი იმპულსი სჭირდება,“ - განაცხადა სიბიჰამ.