დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტში რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, მათ შორის პერსონალური კომპიუტერები, აიპოდები, მობილური ტელეფონები, წიგნები. ხოლო წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
გრან-პრის მფლობელი მიუნსტერის უნივერსიტეტში ერთთვიანი საზაფხულო ენის სასწავლო და კულტურული პროგრამით დაჯილდოვდება, სადაც დასავლური სტანდარტების შესაბამის ცოდნას მიიღებს და დასავლურ კულტურას გაეცნობა, ხოლო ენის კურსების დამთავრების შემდეგ მიიღებს მიუნსტერის უნივერსიტეტის ენის დიპლომს.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე, აკადემიური პერსონალი, განათლების სამინისტროს, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპონსორები - სოკარი, ზარაფხანა, "თიბისი" და სხვა დაესწრებიან.
ოლიმპიადაში, რომლის მიზანი ინგლისურ ენაში ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა იყო, მონაწილეობა მიიღეს V-XII კლასის მოსწავლეებმა მთელი საქართველოდან. ოლიმპიადა "ბილინგვა" საქართველოს უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2011 წლის იანვარში ჩაატარა.