20 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე იერიში მიიტანეს. დარტყმების სერიის მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები, ასევე დაფიქსირდა ნგრევა და ხანძარი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ ჰანჯას განცხადებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნიპროზე დარტყმის შედეგად. ექვსიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
დნიპროში დამწვარია საკვები პროდუქტების საწყობები.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე დრონით იერიში მიიტანეს. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად 16 წლის გოგონა დაშავდა.
ღამით ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ოდესაზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, დაფიქსირდა ნგრევა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად დანგრეულია ერთსართულიანი შენობა და დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა ქალაქ ვოლნიანსკში, სადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო სუმის ოლქის კონოტოპის და შოსტკის რაიონებზე, სადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი. გაჩნდა ხანძრები.