უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ Militarny-სთან ინტერვიუში დეტალურად პირველად ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, რუსეთი ძალების კონცენტრირებას ახდენს რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე - პოკროვსკის, ოჩერეტინის, ალექსანდროვის, კონსტანტინოვკის, ლიმანისა და ნაწილობრივ კუპიანსკის მიმართულებებზე.
სირსკის თქმით, პოკროვსკის მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის ყველაზე დიდი დაჯგუფებაა მთელ ფრონტზე - დაახლოებით 800–900 სამხედრო. რუსეთი იქ ყოველდღიურად 35–40 შეტევით მოქმედებას ახორციელებს.
თუმცა სირსკი აღნიშნავს, რომ საერთო დინამიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეინიშნება.
„გუშინდელი დღე გამოირჩეოდა იმით, რომ პირველად ჩვენი კონტრშეტევითი და შეტევითი მოქმედებების რაოდენობამ მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების რაოდენობას გადააჭარბა,“ - განაცხადა მან.
ალექსანდროვის მიმართულებაზე უკრაინულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს დაახლოებით 500 კვ. კილომეტრი ტერიტორია და 12 დასახლებული პუნქტი.
დანაკარგების მხრივ, მხარეებს შორის სხვაობა კვლავ იზრდება. საერთო ჯამში, რუსეთი სამჯერ მეტ დანაკარგს განიცდის, ვიდრე უკრაინა. დაღუპულების შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - დღის მიხედვით შეფარდება 7-ჯერ, ზოგჯერ კი 9-ჯერაც აღწევს, - თქვა სირსკიმ.
სირსკიმ ასევე გააფრთხილა ახალი ფრონტის საფრთხეზე: მისი თქმით, რუსეთის გენერალური შტაბი აქტიურად განიხილავს და გეგმავს ჩრდილოეთიდან შეტევით ოპერაციებს. „ჩვენ ამ მონაცემებს ვფლობთ,“ - აღნიშნა მან.
სირსკის შეფასებით, ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად გაიზრდება და უკრაინის ძალები კიდევ უფრო მეტად გაიდაიჭიმება.