აშშ-ის ჯარების გაყვანა ევროპიდან NATO-ს გეგმებზე, რომლებიც რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება, გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.
გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის შემცირება მას არ აღელვებს, რის შესახებაც მაისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმაა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ვაშინგტონის გადაწყვეტილება ძირითადად შეეხება დაახლოებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიაში გადაიყვანეს.
თუმცა NATO-ს ევროპული ძალების მთავარსარდლის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპული სამხედრო შესაძლებლობების ზრდის ფონზე, მოსალოდნელია ამერიკული ძალების სხვა რეგიონებში გადანაწილება.
„ზუსტ გრაფიკს ვერ დავასახელებ, ეს მრავალწლიანი პროცესია,“ - განაცხადა გრინკევიჩმა.
გრინკევიჩის განცხადებით, აშშ ამ დროისთვის გერმანიის ტერიტორიაზე საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს არ განათავსებს.
ბერლინსა და ვაშინგტონს შორის წინა ადმინისტრაციის, ჯო ბაიდენის პერიოდში დადებული შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ 2026 წელს აშშ გერმანიაში კვლავ განათავსებდა საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთში სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. მათ შორის იყო Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრამდე აღწევს, ასევე ახალი ჰიპერბგერითი შეიარაღება.
მანამდე გაზეთ Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა ახლა აშშ-სგან Tomahawk-ის რაკეტების შეძენას განიხილავს. გარდა ამისა, ბერლინში იმედოვნებენ შეთანხმებას გერმანულ-ამერიკული ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც ამ რაკეტების წარმოებას გერმანიაში განახორციელებს.