ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ან ირანს უჭერენ მხარს, შესაძლოა ევროკავშირის დახმარება შეუმცირდეთ ან შეუწყდეთ, ხოლო ევროპულმა კომპანიებმა მომავალში დაფინანსებისა და ტენდერების პროცესში უპირატესობა მიიღონ.
კალასის თქმით, მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციისა და კონფლიქტების ეპოქაში ბლოკი საგარეო დახმარების დაფინანსების საკითხში „უფრო სტრატეგიული“ უნდა გახდეს.
„თუ პარტნიორი რუსეთს ან ირანს უჭერს მხარს, საჭიროა მოქნილობა, რათა ასეთ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა გადავახალისოთ,“ - განაცხადა მან.
კალასს არ დაუკონკრეტებია, როგორ აისახება ეს „მოქნილობა“ პოლიტიკაში.
„ეს ძალიან ფრთხილი ბალანსია… საუბარი არ არის ყველაფრის სრულად შეწყვეტაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპას საკუთარი ინტერესებიც აქვს. თუ ჩვენ ქვეყნებში პროექტებს ვაფინანსებთ და საბოლოოდ ამით ჩვენი კონკურენტები სარგებლობენ, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში,“ - თქვა მან.