დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „სავარაუდოდ კმაყოფილი“ დარჩება ირანთან შეთანხმებით, თუ ის თეირანს ბირთვული იარაღის შექმნას შეუშლის ხელს.
მისი თქმით, დაგეგმილი მასშტაბურისამხედრო დარტყმები ირანზე გადადო მოლაპარაკებებში დაფიქსირებული „ძალიან პოზიტიური განვითარების“ გამო და არსებობს „ძალიან კარგი შანსი“, რომ შეთანხმება შედგეს.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების გადავადება რამდენიმე ქვეყანამ - საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სთხოვა, რადგან მათი შეფასებით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.
„თუ ამას მივაღწევთ ისე, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, ჩვენ, სავარაუდოდ, კმაყოფილები ვიქნებით,“ - განაცხადა ტრამპმა.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება ომის გარეშე მიიღწევა: „
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ამიტომაც დამიკავშირდა ეს სამი ქვეყანა და სხვებიც, ისინი პირდაპირ მუშაობენ ჩვენს ხალხთან და ამჟამად ირანთანაც. და ჩანს, რომ არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ მათ რამე მოაგვარონ. თუ ამას შევძლებთ ისე, რომ არ მოგვიწიოს მათი დაბომბვა, ძალიან ბედნიერი ვიქნები,“ - განაცხადა ტრამპმა.