კრემლში სულ უფრო აქტიურად ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაძლო დასრულებისთვის, თუმცა ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დატოვოს კონფლიქტი. ამის შესახებ ჟურნალისტი ოუენ მეთიუსი The Telegraph-ის სვეტში წერს.
ავტორის შეფასებით, მიუხედავად კიევზე განხორციელებული დრონებით დარტყმებისა და შიდა უკმაყოფილების ზრდისა, რუსეთის ხელისუფლების სისტემა ფაქტობრივად პარალიზებულია რეჟიმის შესაძლო ჩამოშლის შიშით.
მეთიუსი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინის მიერ დრონებით მასშტაბური შეტევები კრემლისთვის სერიოზული სიგნალია, რადგან უკრაინას უკვე შეუძლია დარტყმების განხორციელება რუსეთის ყველაზე დაცულ რეგიონებშიც, ხოლო ასეთი შესაძლებლობები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მისივე თქმით, თავდასხმების შემდეგ რუსმა პოლიტიკოსმა დმიტრი როგოზინმა აღიარა, რომ უკრაინული ძალები მომავალშიც გააგრძელებენ რუსეთის თავდაცვის სუსტი წერტილების ძიებას.
„მათი რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მარშრუტები და ტაქტიკა განვითარდება“, - თქვა როგოზინმა.
ამავდროულად, როგორც მეთიუსი აღნიშნავს, პუტინის ქცევაში თითქმის არ ჩანს კომპრომისისთვის მზადყოფნის ნიშნები. 9 მაისის აღლუმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა მხოლოდ მიანიშნა, რომ ომი „მიუახლოვდა დასასრულს“, თუმცა დაამატა, რომ წინ კიდევ „დიდი მოცულობის მოსამზადებელი სამუშაოა“.
ავტორის აზრით, ამ ეტაპზე ომის გაგრძელების მთავარი მამოძრავებელი ძალა უკვე არა რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, არამედ ვლადიმირ პუტინის პირადი სიჯიუტეა, რომელიც არ აღიარებს თავისი თავდაპირველი გეგმების ჩავარდნას.
ყოფილი რუსი დიპლომატის ბორის ბონდარევის შეფასებით, რუსეთის ელიტა თავად სისტემის მიერ შექმნილ ხაფანგში აღმოჩნდა: სპეცსამსახურების სრული კონტროლის გამო ძალაუფლების წრეებში ნდობა გაქრა, რის შედეგადაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა პუტინის წინააღმდეგ რაიმე სახის შეთქმულების ორგანიზება.
„დღეს რუსეთის სისტემა უფრო ნაცისტურ გერმანიას ჰგავს, ვიდრე სსრკ-ს“, -აღნიშნავს ბონდარევი.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების მთელი ლეგიტიმაცია ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ვლადიმირ პუტინის ჩამოშორებამ შესაძლოა სისტემის სრული დაშლა გამოიწვიოს.
ამავე დროს, ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს კრემლიდან გაჟონილ დოკუმენტებზე, რომლებიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერგეი კირიენკოს გუნდი უკვე მუშაობს „ომისშემდგომი რუსეთის“ სცენარებზე. კერძოდ, ოფიციალური პირები ამზადებენ პროპაგანდისტულ ნარატივებს, რომლებიც რუსეთის მოსახლეობას აუხსნის ომის დასრულებას დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ასევე, კრემლში, სავარაუდოდ, განიხილება რადიკალურად განწყობილი ომის მხარდამჭერების კონტროლის მექანიზმები, რომლებმაც კონფლიქტის დასრულება, შესაძლოა, „ღალატად“ აღიქვან.
თუმცა, ამ პროცესების მიუხედავად, როგორც მეთიუსი წერს, პუტინი კვლავ იზოლირებულია საკუთარ გარემოცვაშიც და არ აჩვენებს რეალურ ხედვას, როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინის წინააღმდეგ.