თეთრი სახლი ირანის განახლებულ წინადადებას ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად საკმარისად არ მიიჩნევს. ამის შესახებ Axios წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს შეთანხმება, თუმცა განიხილავს სამხედრო მოქმედებების განახლებას, რადგან ირანმა უარი თქვა მისი მოთხოვნების მნიშვნელოვან ნაწილზე და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებით დათმობებზე არ წავოდა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ირანის ახალი წინადადება, რომელიც კვირას საღამოს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა აშშ-ს, წინა ვერსიასთან შედარებით მხოლოდ მცირე და სიმბოლურ გაუმჯობესებებს შეიცავს .
„ჩვენ რეალურად მნიშვნელოვან პროგრესს ვერ ვაღწევთ. დღეს ძალიან სერიოზულ სიტუაციაში ვართ. ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ მათ სათანადო რეაგირება მოახდინონ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, აშშ და ირანი არ აწარმოებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს შეთანხმების შინაარსზე, თუმცა მონაწილეობენ არაპირდაპირ დიალოგში, რათა შეიქმნას კონსენსუსი მოლაპარაკებების ფორმატზე.
როგორც ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, მოსალოდნელია, რომ სამშაბათს დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს სიტუაციურ ოთახში მიიწვევს, რათა სამხედრო მოქმედებების შესაძლო ვარიანტები განიხილოს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, თუ ირანი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის, აშშ-ს მოლაპარაკებების გაგრძელება „ბომბების მეშვეობით“ მოუწევს.
კვირას, ვიდრე აშშ ირანის უახლეს წინადადებას მიიღებდა, ტრამპმა Axios-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და თუ ირანი მოქნილობას არ გამოიჩენს, მას „ბევრად უფრო ძლიერი დარტყმები“ ელოდება.
ახალი წინადადება უფრო მეტია ირანის ვალდებულებებზე, რომ არ შექმნის ბირთვულ იარაღს, თუმცა მასში არ არის დეტალური ვალდებულებები ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ან უკვე არსებული გამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება, თითქოს აშშ მოლაპარაკებების ფარგლებში დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ნავთობზე ზოგიერთი სანქციის მოხსნას, ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, სანქციების შერბილება „უფასოდ“ არ მოხდება და ამას შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს ირანის მხრიდან.
„გვჭირდება რეალური, სიღრმისეული და დეტალური საუბარი ბირთვულ პროგრამაზე. თუ ეს არ მოხდება, ბომბებით ვისაუბრებთ, რაც სამწუხარო იქნება“, - განაცხადა წყარომ.
ირანული მხარე კი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სწორედ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა სასწრაფოდ და რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.